ქართველმა კოლეგებმა ჩემი კომენტარები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს გვერდის ავლით რუსეთის წევრობასთან დაკავშირებით ბოდვად ჩათვალეს, მაგრამ ალბათ ეს იმ ადამიანებმა გააკეთეს ვინც ორგანიზაციის დოკუმენტაციას არ იცნობს. განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კითხვაზე პასუხის გაცემისას, მართლა აპირებს თუ არა მოსკოვი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს გვერდის ავლით გაწევრიანებისათვის ამ საკითხის კერჭისყრაზე დაყენებას.
"ჯერ-ჯერობით ჩვენ ქართულ მხარესთან კონსულტაციებს შვეიცარიული მხარის დახმარებით ვაწარმოებთ. არსებითად პრობლემა, რომელსაც საქართველო ქმნის პოლიტიკურია. ყველა დანარჩენი საკითხი ვმო-ს რეჟიმთანაა დაკავშირებული და საექსპერტო დონეზე გადაწყვეტას ექვემდებარება", _ აცხადებს სერგეი ლავროვი გაზეთ "მოსკოვსკიე ნოვოსტისათვის" მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც ადრე თქვა.
"შემიძლია დაგიდასუროთ რაც ადრე მითქვამს. ვმო-ს წესები გულისხმობს ქვეყნების მიღებას ორგანიზაციის წევრად კონსესუსის არარსებობის შემთხვევაშიც კი. ქართველმა კოლეგებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული კომენტარი ბოდვად ჩათვალეს, მაგრამ ალბათ ეს გააკეთეს მათ, ვინც არ იცნობს ვმო-ს დოკუმენტებს და იმასაც, რომ ასეთი პრეცედენტი არსებობს. ვმო-ს წესები ორგანიზაციის წევრობას ხმის მიცემის გზითაც გულისხმობს", _ აცხადებს სერგეი ლავროვი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის წინადადებით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები მარტში დაიწყო. მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი 28-29 აპრილს გაიმართა, შემდეგი შეხვედრა კი მაისის თვეში, ისევ ჟენევაშია დაგეგმილი.