აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ყოფილმა სპიკერმა, რესპუბლიკელმა ნიუტ გინგრიჩმა 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ France-Presse-ი იტყობინება.
"დღეს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ განვაცხადე", - აღნიშნა გინგრიჩმა თავის მიკრობლოგ Twitter-ში.
1995 წელს ნიუტ გინგრიჩი აშშ-ის კონგრსის სპიკერი გახდა. ეს იმ დროს დაემთხვა, როცა 40 წლის განმავლობაში პირველად რესპუბლიკელები უმრავლესობით მოვიდნენ წარმომადგენლობით პალატაში. სპიკერის პოსტზე მოღვაწეობისას გინგრიჩმა ფართო აღიარება მოიპოვა, როგორც პრეზიდენტ-დემოკრატ ბილ კლინტონის პოლიტიკის მკაცრმა კრიტიკოსმა.
მას შემდეგ, რაც 1998 წელს კონგრესში გამართულ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებმა წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობა დაკარგეს, გინგრიჩმა არა მხოლოდ სპიკერის პოსტი დატოვა, არამედ კონგრესმენის უფლებამოსილებაც მოიხსნა. კონგრესიდან წასვლის შემდეგ გინგრიჩი პოლიტიკურ ანალიტიკოსად და კონსულტანტად მუშაობდა, ამასთან, რამდენიმე წიგნიც დაწერა.
ნიუტ გინგრიჩი რესპუბლიკური პარტიის პირველი მაღალჩინოსანი იყო, რომელმაც თეთრი სახლისთვის ბრძოლა ოფიციალურად გამოაცხადა.
სხვა ცნობილმა პოლიტიკოსებმა_მასაჩუსეტის ექს-გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა მიტ რომნიმ და მინესოტას ექს-გუბერნატორმა ტიმ პოლენტიმ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ უფრო ადრე განაცხადეს, თუმცა საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად ჯერ არ წამოუყენებიათ.
როგორც მოსალოდნელია, საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობას მიიღებენ სხვა რესპუბლიკელებიც: იუტას შტატის ყოფილი გუბერნატორი და ჩინეთში ელჩი ჯონ ჰატსმენი და ინდიანას მოქმედი გუბერნატორი მიტჩ დანიელსი. ჰატსმენმა ჩინეთში ელჩის თანამდებობაზე უარი 2011 წლის თებერვალში განაცხადა, რაც პოლიტიკოსთა აზრით, მის საპრეზიდენტო ამბიციებს ადასტურებდა.
ამ დრომდე უცნობია, 2012 წლის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას ორი ცნობილი რესპუბლიკელი_ალიასკას შტატის ყოფილი გუბერნატორი სარა პეილინი და არკანზასის ყოფილი გუბერნატორი მაიკ ჰაკაბი,
შეგახსნებთ, საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 6 ნოემბერს გაიმართება. მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მეორე ვადითაც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.