მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სასჯელაღსრულების მინისტრის დავალებით მიმდინარეობს ოპერატიული მუშაობა, რათა საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაციასთან დაახლოებული პატიმრები, ანუ მათი საიდუმლო თანამშრომლები (აგენტები) გამოყენებულ იქნენ ცრუ, დეზინფორმაციული და ცილსმწამებლური განცხადებების დასაწერად.
"ასეთი განცხადებების გავრცელების მცდელობა მინისტრ კალმახელიძის და საპყრობილის დირექტორების მხრიდან მიზნად ისახავს პირველ რიგში შურისძიებას და ანგარიშსწორებას მათი მამხილებელი ფაქტების გამომზეურების გამო, ასევე დისკრედიტაციას და ,,შავ ფიარს" ჩვენი მოძრაობის ლიდერების მიმართ", - აღნიშნულია ეკა ბესელიას მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ბესელიას მოძრაობა ფლობს ინფორმაციას, რომ "აგენტ" პატიმრებს ცილისწამებლური განცხადებების სანაცვლოდ სხვადასხვა შეღავათებს პირდებიან.
"გვინდა გავაფრთხილოთ მინისტრი კალმახელიძე და საპყრობილის ის ხელმძღვანელები, რომლებიც მსგავსი უკანონობებით არიან დაკავებულნი, რომ ყველა ფაქტი გახდება საჯარო და დაექვემდებარება ობიექტურ გამოძიებას. თავი დაანებონ მათი საიდუმლო აგენტების გამოყენებას ცილისმწამებლური კამპანიისთვის და საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების გადასაფარად, რადგან ეს უფრო საზიანო იქნება მათთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
მოძრაობის განმარტებით, ინფორმაციას ისინი პირველწყაროდან, უშუალოდ პატიმრებისგან და მათი ადვოკატებისგან იღებენ.