"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი "ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარს "ნაძირალას" უწოდებს.
უსუფაშვილი და სუბარი ერთმანეთს ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც სუბარმა "ალიანსი საქართველოდან" წამოსვლის მიზეზი დაასახელა და განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიასა და სერგეი ლავროვის ბრიუსელში გამართული შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა და ის ალიანსის დაფინანსების საკითხს შეეხებოდა.
"შენ ნაძირალა ყოფილხარ. შენ წარმოადგენ შუა ბრძოლაში მიტოვების კლასიკურ მაგალითს", - მიმართა უსუფაშვილმა სუბარს და რუსეთთან ფარულ გარიგებებში "ქართული პარტია" თავად დაადანაშაულა.
"რესპუბლიკელების" ლიდერმა სუბარს მოუწოდა, "ქართულმა პარტიამ" ღიად განაცხადოს მისი პოლიტიკური გეზისა და კურსის შესახებ, რომელიც რუსეთს უკავშირდება.
"როცა იძახით, რომ ნიაღვარი მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და დემოკრატიული სამყაროსგან, ეს ხაზს უსვამს თქვენს პოლიტიკურ გეზს და კურსს. ძალიან კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს თქვით რას და ვის უკავშირდება თქვენი მიზნები", - განმარტა უსუფაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, მსოფლიოს არ ახსოვს მაგალითი, როცა რომელიმე ქვეყანაში დემოკრატიული რევოლუცია დემოკრატიული სამყაროსადმი პროტესტების გამოხატვის ფონზე განხორციელებულიყო.
"ვინ გინდათ რომ გიღიაროთ რევოლუცია, თუკი მას მოახდენთ? რადგან დემოკრატიულ სამყაროსა და აშშ-ს ეწინააღმდეგებით, რჩება ერთადერთი ძალა და ესაა რუსეთი, რომელსაც შეუძლია ასეთი რევოლუციის აღიარება და ლეგიტიმაცია", - აღნიშნა "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა.
თავად სოზარ სუბარმა კი უსუფაშვილის ბრალდებებს "ტყუილი" უწოდა და განაცხადა, რომ "ქართული პარტია" დემოკრატიულ სამყაროს არ ებრძვის.
"გვაბრალებთ იმას, რაც არ არის", - მიმართა სუბარმა უსუფაშვილს.