პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთში არსებული კორუფციით საქართველომ უნდა ისარგებლოს და ქვეყნიდან "გაქცეული კაპიტალი ჩვენს ქვეყანაში მოიზიდოს".
"ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი რამ, რითაც აღმოვჩნდებით წაუგებელ სიტუაციაში. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ რადგან რუსეთში არის კორუფცია და იქედან გარბის დიდი კაპიტალი, საქართველომ უნდა წამოიღოს ამ კაპიტალის ნაწილი, იმიტომ რომ საქართველოში არ არის კორუფცია და არის ყველაფერი ის, რასაც რუსები ნატრულობენ. რაც შეეხება თურქეთს, იქ პირიქით, კარგი ეკონომიკური განვითარებაა, ბევრი კაპიტალი, მათ შორის ჭარბიც. ჩვენ ამ კონკურენციაშიც კი გვაქვს თურქეთთან ჩვენი პატარა უპირატესობები. ამიტომ, როგორც რუსეთის წარუმატებლობით, ისე თურქეთის წარმატებით უნდა ვისარგებლოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოვიდეს თურქული ჭარბი კაპიტალი", - განაცხადა სააკაშვილმა წარმატებული ბიზნესმენების დაჯილდოებაზე.
ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა ტურიზმის სექტორის განვითარებაზეც ისაუბრა და ივარაუდა, რომ წელს საქართველოში 3 მილიონი ტურისტი, 2012 წელს 4 მილიონი, 2013-ში კი 5 მილიონი ჩამოვა.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან ეს გრძელვადიან დასაქმებაზე გათვლილი სექტორია", - დასძინა პრეზიდენტმა.
მისივე პროგნოზით, თუ მთავრობა კარგად იმუშავებს და ხელიშემშლელი მსოფლიო ფაქტორები არ იარსებებს, საქართველო მომავალ წელს ეკონომიკური განვითარების ორნიშა მაჩვენებელს დაუბრუნდება.