"ჩვენ ვცვლით ქვეყნის გეოგრაფიას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, წარმატებული ბიზნესმენების დაჯილდოებაზე განაცხადა და აქვე კიდევ ერთხელ ისაუბრა თბილისის გარდა სხვა ქალაქების განვითარების აუცილებლობაზე.
"ადრე ყველაფერი თბილისში იყო კონცენტრირებული. ახლა კი მთავრობა მობილური ხდება. ეს საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც მთავრობა ნაწილობრივ გადავა ქუთაისში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, თბილისი არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიის დედაქლაქიცაა (რადგან მასზე, რეალურად, მობმულია მთელი ჩრდილოკავკასია, სომხეთი, აზერბაიჯანი), მაგრამ ვინაიდან მთელი მსოფლიოს განვითარება "ზღვის მიმართულებით მიდის" საქართველომაც ზღვისპირა ქალაქების განვითარებაზე უნდა იფიქროს.
"იმ პირობებში, როცა თურქები აპირებენ ბოსფორზე არხის აშენებას ხმელთაშუა ზღვით, შავი ზღვა გახდება გახსნილი ზღვა. ამიტომაც დასავლეთ საქართველოში ცენტრის არგაჩენა არ შეიძლებოდა. ჩვენ დასავლეთში ორ ცენტრს ვაშენებთ: ბათუმს, როგორც ფინანსურ ცენტრს, (სადაც ახლა დიდი საოფისე შენობების მშენებლობა იწყება) და ქუთაისს, როგორც საპარლამენტო დედაქალაქს", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.