პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველო ცხოვრებას"ჩამორჩენილია".
"ჩვენ ვართ ძალიან ჩამორჩენილი ცხოვრებას. ძალიან ბევრი რამ გვაქვს ამოსაქაჩი. პირდაპირ რომ ვთქვათ, ჯერჯერობით ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ", - განაცხადა პრეზიდენტმა ბიზნესმენების დაჯილდოებაზე და აქვე სიღარიბის დაძლევისა და უმუშევრობის პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, უმუშევართა რაოდენობის შემცირება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებითა და სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სექტორის განვითარებით არის შესაძლებელი.
"მთავარი, რასაც ჩვენი მოქალაქეები ითხოვენ არის დასაქმება. დასაქმებას კი ქმნიან ბიზნესმენები. ის სფერო, რაშიც დასაქმება უნდა მოხდეს არის ენერგეტიკა. წელს იწყება რამდენიმე ელექტროსადგურის მშენებლობა, რამდენიმეს ფუნდამენტური გადაიარაღება კი დაწყებულია", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო აკეთებს იმას, რისი გულისთვისაც ზოგიერთ ქვეყნებს ევროკავშირში შესვლა დასჭირდათ.
"მომავალ წელს მარტო გზებზე ჩვენ 700-800 მილიონ დოლარს დავხარჯავთ. ფაქტიურად, ვაკეთებთ იმას, რისთვისაც სხვა ქვეყნებს ევროკავშირში შესვლა დასჭრიდათ. ევროკავშირში შესვლის მთავარი მიღწევები რა არის? რომ მათ გაუკეთეს გზები. ჩვენ არ ვიქნებით ჯერ ევროკავშირში, მაგრამ, საქართველოში ყველა მიმართულებით იქნება გზები", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ქვეყანას ეკონომიკური განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ამისთვის იმ ახალი სფეროების განვითარებაა საჭირო, რომელიც ამ ეტაპზე "ათვისებული" არ არის.
"როცა ვამბობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს სინგაპური, არ ვგულისხმობთ საღეჭი რეზინების აკრძალვას, როგორც ეს სინგაპურში იყო. არც პოლიტიკური თავისუფლების გაუქმებას, რასაც ისინი ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ. ჩვენი ეკონომიკური მოდელი უნდა იყოს ლიბერალური, უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკური მდგომარეობა, როგორც ისინი იყენებდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს საჭიროებს მოქალაქეთა თანხმობას, ხანგრძლივ პოლიტიკურ პროცესსა და სტაბილურობას. ეს ყველაფერი შესაძლებელია იმ პირობებში, როცა მოქალაქეები მოგვყვებიან ჩვენ", - განმარტა პრეზიდენტმა.