ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების სისტემაში რეფორმის ფარგლებში, თითქმის ყველა დიდი ზომის ბავშვთა სახლი დაიხურება და მათ ნაცვლად 8-10 ბავშვისთვის გათვალისწინებული მცირე საოჯახო ტიპის სახლები შეიქმნება.
ეს გეგმა ამჟამად განხორციელების სტადიაშია და 2011-2012 წლებში საბოლოოდ დასრულდება. მთავრობის მიერ შემუშავებული ამ გეგმის მიხედვით, რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სოციალური მუშაობის შემდგომ გაძლიერებას მიექცევა.
ამასთან, გადამზადდებიან ახალი სოციალური მუშაკები, ხოლო ბავშვთა მიტოვების პრევენციისათვის საჭირო სამსახურები გაძლიერდება.
შეგახსენებთ, დღეს ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის საკითხებზე ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პრესკონფერენციას გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი საქართველოში პაატა ბურჭულაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში დაესწრნენ.