კერძო სკოლების ავტორიზაცია დაიწყო. კერძო სკოლების ავტორიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქართულ-ამერიკულ კერძო სკოლას "ვაზიანი+" ეწვია და პირადად გაეცნო სასკოლო გარემოს, მის ინფრასტრუქტურას.
დიმიტრი შაშკინი სასწავლო პროცესის მიმდინარეობითაც დაინტერესდა და მასწავლებლებსა და მეთორმეტეკლასელებს შეხვდა.
ყველა საჯარო და კერძო სკოლა ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია ვინაიდან, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება მომავალში მხოლოდ ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ. ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის ფარგლებშიც მოწმდება დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალური და ადამიანური რესურსების შესაბამისობა სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან.
ქართულ-ამერიკული სკოლა 2003 წელს დაარსდა და არის ამერიკის მათემატიკოსთა კავშირის Mu Alpha Theta-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.