აშშ-ის საელჩოსთან მიტინგების მოწყობა თალიბანის მსგავსი ორგანიზაციების სულისკვეთებაა თანამედროვე მსოფლიოში. თუ მათგან აიგივებენ თავს მაშინ პირდაპირ უნდა თქვან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში "ქართული პარტიის" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
"რევოლუციური პროცესებს პოზიტივთან ერთად ნეგატივიც ახლავს. არის რევოლუციები, რომელიც სინამდვილეში კონტრევოლუციებია, არის რევოლუციები პროგრესისკენ მიმართული, იგივე ამერიკის შექმნაც რევოლუციური პროცესი იყო. ნეგატივი კი ის არის, რომ ძალიან ბევრი უმეცარი, სრულიად არაადეკვატური ადამიანი ვერც საკუთარი სამშობლოს და ვერც საერთაშორისო ვითარების ვერგამგები უცებ აღმოჩნდება ხოლმე ზემოთ და ასეთებს განეკუთვნებოდა ბატონი ოქრუაშვილი", - დასძინა დარჩიაშვილმა.
მისივე შეფასებით, ოქრუაშვილის განცხადებებში ჩანს, რომ არც არაფერი დაუვიწყებია, არც არაფერი უსწვლია და ვერც ვერაფერი გაუგია.
"თუ ეს თამაშია, ვიღაცა სპონსორების გულის მოსაგებად, რომელთაც თავის მხრივ, არაფერი არ ესმით ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებისა არ ვიცი. მაგრამ ამ თამაშებს, რომ არაფერი საერთოს არ აქვს საზოგადოების ინტერესთან, პოლიტიკური ბრძოლის ადეკვატურ მეთოდებთან, რომელმაც შეუძლია წარმატება მოუტანოს ვინმეს, ეს ცხადზე ცხადია", - აცხადებს უმრავლესობის წევრი.
მისივე თქმით, "ქართული პარტიის" ლიდერი დროიდან ამოვარდნილია, საზოგადოების განწყობებს იგნორირებას უკეთებს, არ ესმის საერთაშორისო ვითარება და აშშ-ს და რუსეთის როლი და ადგილი.
"ეს ყველაფერი ერთმანეთში აქვს არეულ-დარეული თუ საკუთარი თავი ხომეინად წარმოუდგენია, არ ვიცი. ამ ადამიანმა არც თავისუფლების ფასი არ იცის, რაზეც მისი მოღვაწეობაც მეტყველებდა, როდესაც ის გენპროკურორი და თავდაცვის მინისტრი იყო. საერთოს ამერიკის საელჩოსთან მიტინგების მოწყობა თალიბანის მსგავსი ორგანიზაციების სულისკვეთებაა თანამედროვე მსოფლიოში და თუ მათთან აიგივებს თავს მაშინ პირდაპირ უნდა თქვას. შეიძლება მოლოტოვის კოქტეილებიც ეზმანება", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ოქრუაშვილს პარიზში კარგი ლიტერატურა რომ წაეკითხა დემოკრატიასა და რევოლუციებზე, იქნებ შედგი ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, არ წაუკითხავს.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს "ქართული პარტია" ამერიკის საელჩოსთან აქციის ჩატარება გეგმავს.
"რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს ართმევს, ხოლო ამერიკა თავისუფლებას", - აცხადებს ოქრუაშვილი.