ავსტრალიის ორგანიზაცია Sydney Peace Foundation-მა "ვიკილიქსის"დამფუძნებელ ჯულიან ასანჯის "ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში გამოჩენილი იშვიათი მამაცობისთვის" ჯილდო გადასცა. ამის შესახებ "ფრანს-პრესი" იტყობინება. ეს მედალი ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში უმაღლესი ჯილდოა.
საკუთარი არჩევანი ორგანიზაციამ იმით ახსნა, რომ ასანჯიმ "ხელისუფლებების გასაიდუმლოებული საქმიანობის შესახებ საუკუნეებს გამოწვევა ესროლა" და სახელმწიფოთა მეთაურებს ბევრად უფრო გამჭვირვალე საქმიანობისკენ უბიძგა. ამით ახალი ჟურნალისტიკის წინაპირობა შექმნა და ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, მოქალაქეთა უფლება დაიცვა.
Sidney Peace Foundation მშვიდობის პრემიას ყოველწლიურად გასცემს. ოქროს მედალი კი ისტორიულად მხოლოდ სამჯერ გაიცა: მისი მფლობელები გახდნენ დალაი-ლამა, ნელსონ მანდელა და იაპონელ ბუდისტთა ლიდერი დაისაკუ იკედა.
მედალი ჯულიან ასანჯს ლონდონში უკვე გადასცეს.
შეგახსენებთ, შვედეთში ჯულიან ასანჯს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, რის გამოც ბრიტანეთის სასამართლომ მისი შვედეთში ექსტრადაციის გადაწყვეტილება მიიღო. თავად ასანჯი საკუთარ დევნას "ვიკილიქსის" მოღვაწეობას უკავშირებს.