ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში შექმნილი ეკონომიკური სამუშაო გუნდის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების გარდა, აშშ-ის ფინანსური სტრუქტურებისა და "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
"საუბარი იყო იმ პროექტებზე, რომელიც "მილენიუმის გამოწვევის პროგრამის" ფარგლებში საქართველომ უნდა წარადგინოს. როგორც იცით, მეორე ტრანში იქნა მიღებული ჩვენი ქვეყნის მიერ. ასევე საუბარი გაიმართა ეკონომიკურ თემებზე - სავაჭრო ურთიერთობებით დაწყებული, ენერგეტიკული პროექტებით დამთავრდებული. ასეთი შეხვედრები დადასტურებაა იმისა, რომ აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობები არა მარტო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში, არამედ ეკონომიკის სფეროშიც მაღალ დონეზეა", - განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ.