ვიცე-პრემიერმინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება, სადაც ჰააგაში საქართველოს თემაზე მიძღვნილ კონფერენციაზე -"დემოკრატიის არსებული გამოწვევები და პერსპექტივები"- მთავარი მოხსენებით გამოვიდა.
ბარამიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, სხვა საფრთხეებისა და გამოწვევების მიუხედავად საქართველო აგრძელებს დემოკრატიულ რეფორმებს ანტიკორუფციულ, პოლიციის, საბაჟო, საგადასახადო, სასამართლოსა და სხვა სფეროებში. ამ რეფორმებმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, რაც დასტურდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე და ბევრი ქვეყნისათვის დემოკრატიული განვითარების მოდელად იქცა. ბარამიძემ ისაუბრა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს და ამ მიმართულებით გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დიპლომატიური და მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ნაცვლად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა, რუსეთი ინტენსიურად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას და ზრდის როგორც სამხედრო კონტინგენტს, ასევე შეიარაღებას. ბარამიძემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მიერ არსებული ობიექტური რეალობის ადეკვატური შეფასება, ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის აღიარება და ამით რუსეთზე ადამიანის უფლებათა, ქონებრივი, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის საკითხებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
ბარამიძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით განსახორციელებელ ძალისხმევაზე და გაწევრიანების პერსპექტივებზე.
კონფერენციის მსვლელობის დროს გაიმართა დისკუსია ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ბარამიძემ ბევრ აქტუალურ და საინტერესო კითხვას უპასუხა.