აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქრისტიან დემოკრატების" გაფართოებულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრი გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარსდგა. დონარა სურმანიძემ სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ მდგომარეობასა და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. სხდომას "ქრისტიან დემოკრატიული" მოძრაობის რეგიონული წარმომადგენლები და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.
მთავარი საკითხი მეციტრუსეობაში არსებული პრობლემები იყო. პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ციტრუსის შხამ-ქიმიკატებით დროული და საკმარისი რაოდენობით შეწამვლა არ ხერხდება. რაც ნაყოფის დაზიანებას იწვევს. ასევე პრობლემებია ციტრუსის რეალიზებასთან და ციტრუსგადამამუშავებელი კომბინატების დეფიციტთან დაკავშირებით.
ფრაქციის თავმჯდომარის ნუგზარ ფუტკარაძის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი, სეზონურად, ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ, თურქეთში მიემგზავრება, აჭარას კი თავად აქვს იმის პოტენციალი, რომ ეს დარგი პრიორიტეტული და შემოსავლიანი გახდეს.
სხდომაზე ასევე დაისვა კითხვები ჰიბრიდული სიმინდის პროგრამასთან დაკავშირებით. „ქრისტიან-დემოკრატები" აჭარაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციების გაზრდას უჭერენ მხარს. ნუგზარ ფუტკარაძის განცხადებით, რეგიონის სამინისტრო მხოლოდ ცენტრალური უწყების ინსტრუქციებს არ უნდა ახორციელებდეს.