გიგი უგულავამ დღეს სანაპიროზე კომპანია "დექსუსის" მიერ დასრულებული საცხოვრებელი კორპუსი "აფხაზეთი" დაათვალიერა.
თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებს ახალი ინიციატივით მიმართავს. კერძოდ, დედაქალაქის მთავრობა მზადაა, ექსპლუატაციაში შესულ ყველა ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში კვადრატული მეტრი ბინა 400 დოლარად შეიძინოს.
"მართალია, 400 დოლარი საბაზრო ფასი არ არის და ის ბინის აშენების თვითღირებულებასთან ახლოსაა, მაგრამ ამ ინიციატივას აქვს რამდენიმე დადებითი მომენტი მშენებლებისთვის. ჯერ ერთი, რომ სამშენებლო ბაზარზე დღეს ასეთი ვითარებაა: ბინებზე მოთხოვნა არის, მაგრამ შემცირდა კომპანიის მიმართ ნდობა და მოქალაქეებს არ აქვს მისი შეძენისთვის სათანადო პირობები. გარდა ამისა, კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი, რაც ჩვენს წინადადებას ახლავს ის არის, რომ მშენებლები უფრო მარტივად მიიღებენ ბანკებისგან სესხს დაწყებული მშენებლობის დასასრულებლად, რადგან ბანკების რისკი მცირდება - მათ ყველა ვარიანტში ეყოლებათ მერიის სახით ბინების გარანტირებული მყიდველი, თუკი მშენებელი ბინებს ბაზარზე ვერ გაყიდის", - განაცხადა დედაქალაქის მერმა "დექსუსის" მიერ სანაპიროზე ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის, "აფხაზეთის" დათვალიერების შემდეგ.