ირლანდიის ტურიზმის განვითარების ნაციონალურმა დეპარტამენტმა რეკლამის დროს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე "მის სამეფო უმაღლესობად" მოიხსენია და ამით დედოფლის ტიტული დააკნინა. ამის შესახებ The Irish Times-ი იტყობინება.
ბრიტანელ მონარქებთან მიმართებით, "სამეფო უმაღლესობის" ტიტული პრინცისა და პრინცესასთვის გამოიყენება, დედოფალს კი "მის უდიდებულესობად" მოიხსენიებენ.
ირლანდიის ტურიზმის დეპარტამენტმა აღიარა, რომ ეთერით "შემთხვევით" გაუშვა "არასწორი ჩანაწერი" და შეცდომა უკვე გამოასწორა.
ცნობისთვის, "მცდარი რეკლამა" უახლოეს მომავალში ელიზაბეტ მეორის ირლანდიაში ვიზიტის შესახებ იუწყებოდა.
ელიზაბეტ მეორის ოფიციალური ვიზიტი ირლანდიაში 17-20 მაისს შედგება. დედოფალი პირველი ბრიტანელი მონარქი იქნება, რომელიც რესპუბლიკას ბოლო ასი წლის განმავლობაში ეწვევა. მის ვიზიტამდე ბევრად ადრე, 1911 წელს, ირლანდიას გეორგ მეხუთე სტუმრობდა. მაისის ბოლოს ირლანდიას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც უნდა ესტუმროს.