აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განკარგულებით, ბინ ლადენის ლიკვიდაციის მონაწილეთა შორის სპეციალური ჯგუფის შემადგენლობა მომზადდა, რომლებიც პაკისტანელი სამხედროებისა და პოლიციელების შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში უნდა გამოეყენებინათ. ამის შესახებ The New York Times-ი იტყობინება.
აქედან გამომდინარე, აშშ-მ გარისკა, როცა ბინ ლადენის განადგურების გამო მისდამი ლოიალურად განწყობილი პაკისტანი საკონფლიქტოდ განაწყო, _ აღნიშნავს გაზეთი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის მომზადებისას პენტაგონმა პაკისტანის ხელისუფლება არ გააფრთხილა იმის შესახებ, რომ მას ალ-ქაიდას ლიდერის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემები გააჩნდა. პაკისტანმა არც იმის შესახებ იცოდა, რომ აშშ ქალაქ აბოტაბადში ტერორისტზე თავდასხმას გეგმავდა.
აშშ-ის სპეცსამსახურების წყარომ ისიც აღნიშნა, რომ ბინ ლადენის ლიკვიდაციისას ამერიკელ სპეცდანაყოფებს უფლება ჰქონდათ, პაკისტანელი მებრძოლებისთვის ცეცხლი გაეხსნათ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი კონფრონტაციის თავიდან აცილება გართულდებოდა.
ასევე, ცნობილია, რომ აშშ განიხილავდა მოქმედების გეგმას იმ შემთხვევაში, თუ ბინ ლადენს ცოცხლად შეიპყრობდნენ. ამ მიზნით მომზადდა განსაკუთრებული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ თარჯიმნები, ადვოკატები და დაკითხვის სპეციალისტები.
შეგახსენებთ, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის განკარგულება თავად ბარაკ ობამამ გასცა. ბინ ლადენის იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზითაც მოხერხდა, მოგვიანებით კი მისი დაღუპვა ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-ქაიდამაც აღიარა.
ოპერაციამ პაკისტანის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან იგი მისი ხელისუფლების გვერდის ავლით განხორციელდა. აშშ-მ ეს სიფრთხილე იმით ახსნა, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ბინ ლადენამდე მიაღწევდა და ის დაიმალებოდა.
ამასთან, აშშ-ის ხელისუფლება არ გამორიცხავდა, რომ პაკისტანის სპეცსამსახურები ბინ ლადენის გადამალვაში მონაწილეობდნენ. კერძოდ, პირველი ტერორისტი აბოტაბადში 2005 წლიდან ცხოვრობდა.
თავის მხრივ, ისლამაბადმა ეს ბრალდება უარყო. პაკისტანში აღიარებენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მათ ქვეყანაში ბინ ლადენის ყოფნა, შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებას დამუქრებოდა. ამასთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია.