ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს პრეზიდენტის და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას ითხოვს.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დამოუკიდებელი ადვოკატების წინააღმდეგ რასაც სააკაშვილის რეჟიმი აკეთებს, არ შეიძლება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩეს.
"ჩვენ მივმართეთ ევროკავშირს, რომ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადონ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე", - აღნიშნა მან.
ხატიაშვილის თქმით, ევროკავშირისგან ითხოვენ, რომ აღნიშნულ პირებს ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებში შესვლა ისევე აეკრძალოთ, როგორც ეს ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შემთხვევაში მოხდა.
მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ადვოკატთა ასოციაციის წევრების დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ მხოლოდ ორი ადვოკატი წავიდა და 20-მა თავი შეიკავა.