"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ჰააგაში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. ირაკლი ალასანია უკვე შეხვდა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო სამქეთა სამინისტროსა და ევროკომისიის წამომადგენლებს.
ირაკლი ალასანია დღეს კონფერენციაზე საქართველოში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შესახებ სიტყვით გამოვიდა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ შვიდი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის მიუხედავად, ვერ შეძლო მყარი დემოკრატიული საფუძველი ჩაეყარა საქართველოში. დღესაც კი, 2003 წლამდე არსებული ხელისუფლების უუნარობა, გამოიყენება ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ, როგორც ალიბი ნაჩქარევი გადაწყვეტილებების, დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების უგულვებელყოფის გასამართლებლად. დღეს, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, ხელისუფლება არ ზოგავს ძალისხმევას, რათა შეასუსტოს სამოქალაქო სექტორი და შეზღუდოს საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება, საარჩევნო სისტემა არ იძლევა კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საშუალებას და არჩევნები სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს", - განაცხდა ირაკლი ალასანიამ.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ყურადღება გაამახვილა სიცოცხლის ხელყოფის არაერთი ფაქტის გამოუძიებლობაზე და ხაზი გაუსვა ევროპული სასამართლოს მიერ გირგვლიანის საქმეზე გაკეთებულ დასკვნას იმის შესახებ, რომ ამ საქმეში მართლმსაჯულების სათანადოდ და დამოუკიდებლად განხორციელებას ხელს უშლიდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის პრეზიდენტიც. ალასანიამ შენიშნა, რომ ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება სერიოზული გამოწვევა იქნება ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდისთვის.
ირაკლი ალასანიამ აგრეთვე ისაუბრა საკანონმდებლო არასტაბილურობის შესახებ და აღნიშნა, რომ ახალად მიღებულ კანონებში ათეულობით ცვლილება მოკლე ხანში მიიღება რაც იმაზე მიუთითებს, რომ მმართვველ გუნდს არ აქვს საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგია და რომ ხელისუფლების ხედვა ყოველდღიურად, სპონტანურად განისაზღვრება.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ხვალ, 11 მაისს, შეხვედრებს ბერლინში, გერმანიის კანცლერის ოფისში გამართავს.