საქართველოში ვაუჩერიზაციის პროცესი დასრულებულია. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ელექტროენერგიისა და სურსათის ვაუჩერები მილიონამდე ოჯახმა მიიღო.
"წარმატებით განხორციელდა პროექტი, რაც მოქალაქეებისთვის, როგორც ელექტროენერგიის, ისე სურსათის ვაუჩერების მიწოდებას ითვალისწინებდა და ის მილიონამდე ოჯახმა მიიღო. პროექტი წარმოადგენდა ჩვენი მოქალაქეების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან მხარდაჭერას იმ პირობებში, როცა გაზრდილია სურსათის ფასები", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ვაუჩერიზაციის პროცესში დაფიქსირდა გარკვეული პრობლემებიც, თუმცა ყველა იმ მოქალაქის განცხადება, რომელთაც ვაუჩერების მიღების თაობაზე პრობლემები შეექმნა, განხილულ იქნება.
"სოციალური მომსახურების სააგენტოში დაახლოებით ათასამდე ადამიანის განაცხადია შემოსული. მივმართავ ყველა მოქალაქეს, რომელსაც ვაუჩერების მიღებისას პრობლემები შეექმნა, სააგენტოს 20 მაისამდე მიმართოს", - განმარტა ურუშაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობისგან მოსახლეობამ ჯამში 50-ლარიანი - 20-ლარიანი ელექტროენერგიისა და 30-ლარიანი სურსათის ვაუჩერები მიიღო.