ფაშიზმზე გამარჯვების 66-ე წლისთავის აღსანიშნავად და ომის ვეტერანთა პატივსცემად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, პარლამენტში საზეიმო მიღება გამართა.
"66 წლის წინ არ მომხდარა რომელიმე ერთი ქვეყნის გამარჯვება მეორეზე, მაშინ კაცობრიობამ დაამარცხა ყველაზე დიდი ბოროტება - ფაშიზმი. თქვენ ეს ბოროტება საკუთარი ძალითა და სისხლით დაამარცხეთ. ამის გამო, არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მთელი კაცობრიობა თქვენ წინაშე ვალშია", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბაქრაძემ ფაშიზმის გამარჯვებაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და იმ დანაკარგზე გაამახვილა ყურადღება, რაც საქართველომ განიცადა. მისი თქმით, ჩვენი პატარა ქვეყნიდან ფრონტზე წასული 750 000 მეომრიდან 300 000-ზე მეტი შინ ვერ დაბრუნდა.
"საქართველოს დღეს ებრძვის ბოროტებას და სწორედ ამ ადამიანების მაგალითი მოგვეხმარება, რომ საქართველო გამარჯვებული და გამთლიანებული ვიხილოთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და თავისი წინაპრები გაიხსენა, რომლებიც ომის ვეტერანები იყვნენ და განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, მოსე მდინარაძემ, ვეტერანების სახელით მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს და ის სირთულეები გაიხსენა, რომლის გადალახვაც მათ იმ რთული ომის დროს უხდებოდათ. მან იმ ტკივილზე და დანაკარგზე გაამახვილა ყურადღება, რის ფასადაც ეს გამარჯვება მოიპოვეს.
შეხვედრის ბოლოს ვეტერანებისთვის ფურშეტი გაიმართა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელით მათ საჩუქრები გადაეცათ.