ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯვარში მესამე საჯარო სკოლას, პრეზიდენტის ინიციატივით, საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომის ქართველი გმირის, მელიტონ ქანთარიას სახელი ეწოდა.
მიხეილ სააკაშვილმა მელიტონ ქანთარიას საფლავი გვირგვინით შეამკო და ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე. პრეზიდენტის თქმით, ქართველებმა ძალიან წვლილი შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვებაში.
"მელიტონ ქანთარია არის ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ბედის ყველაზე კლასიკური განსახიერება. რადგან თავისი სიცოცხლე დაასრულა, როგორც ლტოლვილმა და დღესაც, პრაქტიკულად, მისი საფლავი იმყოფება დევნილობაში. ის არ იმყოფება იქ, სადაც გაატარა მთელი თავისი სიცოცხლე _ აფხაზეთის ტერიტორიაზე. მეორე მებრძოლის, ვინც მასთან ერთად აიტანა დროშა _ ეგოროვის სამშობლო დღეს არის ოკუპანტი სხვა ქვეყნის ტერიტორიის და ეს არის აღიარებული სხვადასხვა ქვეყნის მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ", _ აღნიშნა პრეზიდენტმა.
მელიტონ ქანთარიამ, მიხეილ ეგოროვთან ერთად, რაიხსტაგის შენობის თავზე ოფიციალურად 1945 წლის 30 აპრილს, 21:50 წუთზე, აღმართა გამარჯვების დროშა. ქანთარია დაიბადა ჯვარში, ქართველი სერჟანტი 756-ე მსროლელთა ბატალიონში ბელორუსიის პირველ ფრონტზე მსახურობდა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისსა და ზუგდიდს სტუმრობდა.