იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ბოლო თვის მანძილზე უკვე მეოთხედ გამოცხადდა სასამართლოში. ამჯერად იგი ე.წ. მილსის საქმის მოსმენას დაესწრო, რომლის რვაწლიანი პროცესის მიუხედავად, ბერლუსკონიმ მხოლოდ ერთხელ ისურვა სასამართლოში გამოცხადება.
"მთელ მსოფლიოში და მთლიანად სამყაროში სასამართლოსგან მე ყველაზე უფრო დევნილი ადამიანი ვარ ",_ ბერლუსკონის ამ ნათქვამს Corriere della Sera ციტირებს.
"მილსის საქმე" 1990-იან წლებს უკავშირდება. მისი მიხედვით, კორუფციის ბრალდება პრემიერსა და მის ყოფილ ადვოკატ დევიდ მილსს წაუყენეს, რომელიც იმ დროისთვის ბერლუსკონის წამყვანი ფინანსური კონსულტანტი გახლდათ.
გამოძიების მტკიცებით, 2000 წელს ბერლუსკონიმ თავისი ჯგუფის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერის_კარლო ბერნასკონის მეშვეობით, მილსის საბანკო ანგარიშზე შვეიცარიაში 600 ათასი დოლარი გადარიცხა. ამ ქრთამის გამო კონსულტანტი, რომელიც სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით მონაწილეობს, კომპანიის ფინანსური ოპერაციის შესახებ უნდა გაჩუმებულიყო.
"ეს საქმე დაკავშირებულია ადამიანთან, რომელსაც მე არასდროს ვიცნობდი_ვიღაც ადვოკატი მილსი"..._აცხადებს ბერლუსკონი, რომელიც დანაშაულს უარყოფს.
შეგახსენებთ, უფრო ადრე სილვიო ბერლუსკონის არასრულწლოვანთან სექსუალური დანაშაულის გამო დებდნენ ბრალს.