დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ ვაკის პარკში შეგროვილ ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, იმ ადამიანებისთვის, ვინც მეორე მსოფლიო ომი გამოიარა, 365-ივე დღე დღესასწაულია.
"8 მაისი ობიექტიურად არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე. 9 მაისი უფრო საბჭოთა კავშირთან იყო დაკავშირებული, აღმოსავლეთ ევროპის რუსეთის მიერ დაპყრობასთან, მაგრამ ამ ხალხისთვის, ვინც მეორე მსოფლიო ომი გამოიარა, 365-ივე დღე არის დღესასწაული,"_აღნიშნა უგულავამ.
მისი თქმით, ფაშიზმი_ ეს იყო საშინელება, რომელიც ამ ხალხმა თავისი მხრებით ატარა და მასზე გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით ვაკის პარკში ომის ვეტერანებმა, საქართველოს ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავი მოიყარეს და უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დედაქალაქის მერიისგან თბილისში მცხოვრები ომის ვეტერანები სიმბოლურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ასევე, ყველა გამგეობაში ომის ვეტერანებისთვის საზეიმო სადილი გაიმართება.
ცნობისთვის, თბილისში 1348 ომის ვეტერანია.