მოძრაობა "თალიბანმა" ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელზეც გატაცებული კანადელია აღბეჭდილი. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს-პრესი" იტყობინება.
საუბარია 26 წლის ტურისტ კოლინ რუტერფორდზე, რომელიც 2011 წლის თებერვალში ავღანეთის პროვინცია გაზნიდან გაიტაცეს.
ვიდეოჩანაწერის მიხედვით, კოლინ რუტერფორდი სუფთადაა გაპარსული. იგი პასუხს სცემს იმ შეკითხვებს, რომელსაც კადრს მიღმა მყოფი ადამიანი უსვამს. ამასთან, იგი აცხადებს, რომ მას ჰუმანურად ექცევიან. თუმცა ჩანაწერის თარიღი უცნობია.
ვიდეორგოლთან ერთად თალიბებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, ირკვევა, რომ კანადის ხელისუფლების მიერ მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაკავებულ კანადელს ჯაშუშობის ბრალდების გამო სასამართლო ემუქრება. თუმცა კონკრეტულად რა მოთხოვნებზეა საუბარი, თალიბები არ აკონკრეტებენ. გავრცელებული ინფორმაციით, კანადელმა ჩინოვნიკებმა ისედაც იციან, თუ რა მოთხოვნები აქვთ თალიბებს.