3-8 მაისს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფებოდა.
პაპუნა დავითაიას შეხვედრები ჰქონდა ქალაქების - იერუსალიმის, თელავივის, ბერშევას ქართველ ებრაელებთან. სახელმწიფო მინისტრი ქალაქ იერუსალიმში შეხვდა საქართველოს ებრაელთა მთავარ რაბინს არიელ ლევინს და ქალაქ იერუსალიმის ქართველ ებრაელობას.
ქალაქ თელავივში სახელმწიფო მინისტრს შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ხელმძღვანელობასთან. 8 მაისს, საქართველოს საელჩოში შეხვედრა შედგა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ისრაელის ქართველობასთან - მეცნიერებთან, ხელოვანებთან, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან. ამავე დღეს, ქალაქ ბერშევაში, მიუხედავად გლოვის დღისა სახელმწიფო მინისტრთან შესახვედრად მოვიდა ბერშევის ქართველი ებრაელობა.
როგორც დავითაიას იწყება იტყობინება, შეხვედრაზე ისრაელის ქართველობის მხრიდან ყურადღება გამახვილდა ონისა და ამბროლაურის სინაგოგებისა და საფლავების კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანაზე. აგრეთვე, ქართველმა ებრაელებმა სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ ფესტივალ ,,ჩვენებურებში''. საუბარი აგრეთვე შეეხო ახალგაზრდებს შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. შეხვედრები მეტად დატვირთული და შინაარსიანი გამოდგა. სახელწიფო მინისტრი ისრაელის ქართველობას დაპირდა მათი ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას და საქართველოში მიმდინარე პროცესებში მათ აქტიურ ჩართულობას.
პაპუნა დავითაიამ მონაწილეობა მიიღო ისრაელის რადიოს ქართულ გადაცემაში, სადაც მან ვრცლად ისაუბრა საუკუნეების განმავლობაში ქართველებისა და ებრაელების განსაკუთრებულ ურთიერთობებზე, საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში ქართველ ებრაელთა მიერ შეტანილ წვლილზე, საქართველოსადმი მათ დამსახურებაზე და ღვაწლზე.