ევროპის დღე წუხელ თბილისშიც აღნიშნეს. აქციის მონაწილეებმა ვარდების მოედნიდან ცაში სიმბოლურად 28 მანათობელი გაუშვეს. 27 მანათობელი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სიმბოლოა, ხოლო ერთი მანათობელი საქართველოს განასახიერებს. აქციის მონაწილეთა სურვილით, მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია.
ღონისძიება 22.47 საათზე, ზუსტად იმ დროს დაიწყო, როცა 66 წლის წინ გერმანიაში კაპიტულაცია გამოცხადდა. საზეიმო აქცია ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიება პიარ-ჯგუფ "ევრომარკის" და საქველმოქმედო კავშირის კეთილი ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ევროპის სახლის ორგანიზებით, კიდევ არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. ღონისძიებებს ევროპიდან სპეციალურად მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
კერძოდ, ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართება დებატები, წიგნების პრეზენტაცია, გამოფენები, მათ შორის, თბილისში გაიმართება არლის ფოტოფესტივალი.
შეგახსენებთ, 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება. ეს თარიღი სათავეს 1950 წლიდან იღებს, როდესაც საფრანგეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი რობერტ შუმანი პარიზში ევროპული ინტეგრაციის იდეით გამოვიდა. მას შემდეგ 9 მაისი მიჩნეულია, როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე.