ტოკიოს ცენტრში 10 ათასზე მეტი იაპონელი ქუჩაში გავიდა და ატომურ რეაქტორ „ფუკუსიმა-1"-ზე მომხდარი ავარიის შემდეგ ქვეყანაში ყველა ბირთვული რეაქტორის გაჩერება მოითხოვა. ამასთან, იაპონელები ატომურ რეაქტორ „ცურუგაზე" გამაგრილებელ სითხეში რადიაციის მატების გამოც გამოთქვამდნენ შეშფოთებას.
მომიტინგეები სკანდირებდნენ: „ატომური ენერგეტიკა არ გამოვა! დავხურავთ არა მარტო ატომურ რეაქტორ „ჰამაოკას", არამედ ყველა დანარჩენ ატომურ ელექტრო სადგურს".
დემონსტრაციის მონაწილეთა მნიშვნელოვან ნაწილს მშობლები და სტუდენტები შეადგენდნენ.
შეგახსენებთ, 11 მარტს იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ ატომურ რეაქტორ „ფუკუსიმა-1" ზე არაერთი ავარია დაფიქსირდა, რამაც გაციების სისტემის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია. ინციდენტის შედეგად ატომურ რეაქტორზე რადიაციის გაჟონვა გამოვლინდა. ხელისუფლება იძულებული გახდა, 20 კილომეტრიანი ზონიდან მოსახლეობის ევაკუირება მოეხდინა.
ახლახანს კომპანია Kyushu Electric Power-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გეგმიური ტექნიკური დათვალიერების მიზნით, 10 მაისს „სენდაის"ნომერ პირველ რეაქტორს შეაჩერებენ. სავარაუდოდ, რეაქტორის შემოწმება, რომლის სიმძლავრეც 890 მეგავაიტია, ორ თვეს გასტანს.
ცნობისთვის, დღესდღობით იაპონია 54 რეაქტორს ფლობს, მათგან 21-ის მუშაობა პროფილაქტიკის მიზნით შეჩერებულია.