სირიის სამთავრობო ჯარებმა წუხელ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბანიასის სუნიტურ რაიონებზე ტანკებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სამთავრობო ძალები ქალაქში ტანკებთან ერთად სამი მხრიდან შევიდნენ. თვითმხილველთა განცხადებით, ცეცხლი ქალაქის მხოლოდ სუნიტური რაიონების მიმართულებით გაიხსნა. დაღუბულთა და დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ -ჯერობით არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ბანიასი თავისი ნავთობგადამამუშავებელი დაწესებულებებითაა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ სირიის რამდენიმე ქალაქსა და რაიონში მღელვარება უკვე შვიდი კვირაა მიმდინარეობს. სხვა და სხვა მონაცემებით მღელვარებების შედეგად უკვე გარდაცვლილია 30 ზე მეტი ადამიანი.
ოპოზიციის მონაცემებით, სამთავრობო ძალებსა და მანიფესტანტებს შორის მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებებშო უკვე დაღუპულია 500 ზე მეტი ადამიანი. მანიფესტანტები პრეზიდენტ ბაშარ ასადის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ.