7 მაისს, 13.00 საათზე, "წითელი ჯვრის კვირეულის" ფარგლებში საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართება.
აქცია ჩატარდება მეტროსადგურებთან: "რუსთაველი", "მარჯანიშვილი" და "პოლიტექნიკური". წითელი ჯვრის მოხალისეები გაავრცელებენ საინფორმაციო მასალას საგზაო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც დაურიგდება როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე მძღოლებს. აქციის ორგანიზატორია ახალგაზრდული წითელი ჯვარი.
ცნობისთვის, 2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აწყობს "წითელი ჯვრის კვირეულს", რომელიც წარიმართება ლოზუნგით: "აღმოაჩინე მოხალისე შენში!"
შეგახსენებთ, 8 მაისი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის დღეა. ამ დღეს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და კიდევ ერთხელ ახსენებენ საზოგადოებას წითელი ჯვრის ისტორიას, როლს, მნიშვნელობასა და ფუძემდებლურ პრინციპებს.