რეჟისორ გოჩა კაპანაძეს ბაქოს ერთ-ერთი დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა შესთავაზეს. ამ ეტაპზე რეჟისორი არ აკონკრეტებს, თუ რომელ თეატრზეა საუბარი.
როგორც გოჩა კაპანაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ასეთი შეთავაზება მან აზერბაიჯანის კულტურის მინისტრისგან მიიღო. თუმცა ქართველ რეჟისორს ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
"თბილისში არაერთი საქმე მაქვს განსახორციელებელი. ამდენად, ვერ გეტყვით, რა იქნება ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება. ჯერ კიდევ ვფიქრობ ამის შესახებ", _ აცხადებს აპანაძე.
მისი თქმით, მას აზერბაიჯანის სხვადასხვა თეატრიდანაც აქვს შეთავაზება. მთლიანობაში, მისი პიროვნებით აზერბაიჯანის 17 თეატრი დაინტერესდა.
როგორც რეჟისორი აცხადებს, შესაძლებელია, სამომავლოდ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სპექტაკლების გაცვლა და მსახიობების თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერედეს.
შეგახსენებთ, გოჩა კაპანაძე აზერბაიჯანში სპეციალური მიწვევით იმყოფება. აზერბაიჯანის მუსკომედიის თეატრის 100 წლისთავთან დაკავშირებით მას სპექტაკლ "ხანუმას" დადგმა შესთავაზეს, რომლის პრემიერაც 10 და 11 მაისს გაიმართება. ქართველი რეჟისორი სამშობლოში 12 მაისს დაბრუნდება.