10 და 11 მაისს აზერბაიჯანის მუსკომედიის თეატრის 100 წლისთავთან დაკავშირებით სპექტაკლ "ხანუმას" პრემიერა შედგება. სპექტაკლის რეჟისორია გოჩა კაპანაძე, რომელიც აზერბაიჯანში სპეციალური მიწვევით იმყოფება. მან "ხანუმას" დადგმა ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნად განახორციელა.
როგორც გოჩა კაპანაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, აზერბაიჯანში თავდაპირველად რამდენიმე ქართველი რეჟისორის მიწვევას აპირებდნენ, თუმცა იქაური მუსკომედიის თეატრის დირექციის მხრიდან საბოლოოდ არჩევანი მასზე შეჩერდა.
"ავქსენტი ცაგარელის "ხანუმა" არ ბერდება. ახლა ამ სპექტაკლზე ბუმია. ამდენად, აზერბაიჯანლების სურვილი იყო, ეს პიესა დაგვედგა. არაერთი სპექტაკლი მინახავს ხანუმას შესახებ, თუმცა შეყვარებული ხანუმა არსად დაუდგამთ. ჩვენს სპექტაკლში კი ხანუმა შეყვარებულია", _ აცხადებს გოჩა კაპანაძე.
მისი თქმით, სპექტაკლი სპეციალურად აზერბაიჯანის სახალხო არტისტ აფაქ ხანუმისთვის დაიდგა. მასში აზერბაიჯანის რვა სახალხო არტისტია დაკავებული
სპექტაკლის სცენარის ავტორები არიან გოჩა კაპანაძე და მანანა გეგეჭკორი. სპექტაკლზე ქართველი მხატვარი ლომგულ ურუშაძე მუშაობდა, ხოლო კოსტუმების მხატვრები არიან ქეთევან ციციშვილი და თამუნა მაჭარაშვილი. მუსიკალური გაფორმება კი გია ყანჩელსა და სხვა კომპოზიტორებს ეკუთვნით.
სამომავლოდ, სპექტაკლი "ხანუმა", შესაძლოა, აზერბაიჯანში არსებულ რუსულ თეატრშიც დაიდგას.