ჩინეთის რადიოს, კინოსა და ტელევიზიის სახელმწიფო სამმართველომ სატელევიზიო კომპანიებს რეკომენდაცია მისცა, რომ მათ რომანტიული სერიალების გაშვებისგან თავი შეიკავონ. ასევე, აკრძალვა შეეხო კრიმინალისა და ჯაშუშობის შესახებ სერიალებს.
გარდა ამისა, სახელმწიფო სამმართველომ იმ 40 დრამის სია წარადგინა, რომელიც კომუნისტური პარტიის შექმნას ეძღვნებოდა. ეს ტელეგადაცემები ჩინელმა მაყურებლებმა მაისში, ივნისსა და ივლისში უნდა იხილონ.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ყველაფერი საზოგადოებაში პატრიოტული განწყობის ამაღლების მიზნით კეთდება. განსაკუთრებით კი,_ ჩინელი ახალგაზრდობისკენაა მიმართული, რაც ჩინეთში კომუნისტური პარტიის 90 წლის იუბილეს უკავშირდება.
სოციოლოგების თანახმად, მრავალი ახალგაზრდა ჩინელი სახელმწიფო ტელევიზიას პროპაგანდისტული გადაცემების გამო თითქმის არ უყურებს. ამის გამო ახალგაზრდები ინტერნეტში სხვადასხვა სახის გასართობი პროგრამების ყურებას ამჯობინებენ.
საინტერესოა, რომ ამას წინათ ჩინეთის რადიოს, კინოსა და ტელევიზიის სახელმწიფო სამმართველომ ადგილობრივ კომპანიებს ჩინეთის წარსულში მოგზაურობის შესახებ ფილმების გადაღება აუკრძალა. ჩინოვნიკების აზრით, ასეთ ფილმებს ჩინელი ახალგაზრდობა იქამდე მიჰყავს, რომ საკუთარი ქვეყნის ისტორიის მიმართ პატივისცემას კარგავენ.