სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ქადაგებით, აფხაზი ხალხი იმდენად ჭკვიანი და ბრძენია, რომ ნახავს აუცილებლად სად არის ჭეშმარიტება.
"ღმერთმა მისცეს გზა ჭეშმარიტებისა აფხაზებს. გვჯერა, რომ აფხაზი ხალხი იმდენად ბრძენია და გონიერი, რომ მიხვდება, თუ სად არის ჭეშმარიტება და ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა და მთელ საქართველოს წმინდა გიორგის დღესასწაული მიულოცა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ილორის წმინდა გიორგის ხატით დალოცა სრულიად საქართველო. უწმინდესმა ასევე ბრძანა, რომ ამ ხატით აქედან ლოცავს აფხაზებსაც. უწმინდესმა იქადაგა, რომ დადგება დრო, როდესაც ილორის წმინდა გიორგის ხატით ჩავალთ აფხაზეთში. ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი მუდამ ჩვენთან არის და საქართველოს ვერავითარი ხილული თუ უხილავი მტერი ვერ დაშლის და დააჩოქებს.