ნატო რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით ქართული მხარის შეშფოთებას იზიარებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ქართულმა მხარემ რუსეთის მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ და განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები მოკავშირეებს გუშინ, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გააცნო.
"ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოდან ჩამოსულმა ექსპერტებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა მოკავშირეებს წარუდგინეს ის მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე გეგმავდა და ახორციელებდა ტერორისტულ ქმედებებს. მოკავშირეებმა ძალიან სერიოზულად მიიღეს ის შეშფოთება, რაც საქართველოს აქვს", - განმარტა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოში ტერაქტების განხორციელება გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო. საქართველოს შსს-მ ტერაქტებში მონაწილე რამდენიმე ჯგუფი უკვე დააკავა, რომელთა ჩვენების საფუძველზეც დაადგინა, რომ აღნიშნულის უკან რუსეთის სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები დგაგან. შეგახსენებთ იმასაც, რომ ერთ-ერთ ტერაქტს მსხვერპლიც მოჰყვა.