საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მხარდაჭერისთვის ლატვიის მთავრობას მადლობას უხდის.
"მინდა მადლობა გადავუხადო ლატვიის მთავრობასა და ხალხს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ იჩენენ. ეს შეეხება, როგორც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას, ისე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიროტიული მთლიანობის პატივისცემას", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ თბილისში ვიზიტით მყოფ ლატვიელ კოლეგასთან, გირტსვალდის კრისტოვსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, რომელზეც მათ სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივ ურთიერთობასა და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
"საქართველოსა და ლატვიას შორის ურთიერთობები უნდა არსებობდეს ეკონომიკის სფეროშიც და ის შეესაბამებოდეს ისეთ დონეს, როგორიც პოლიტიკური ურთიერთობების კუთხით გვაქვს", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულის გარდა, საუბარი 2011-2012 წლებში ლატვიასა და საქართველოში ერთმანეთის დელეგაციების დაგეგმილ ვიზიტებს და სამართლებრივი ბაზის საკითხსაც შეეხო.
შეგახსენებთ, რომ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვიდა. ლატვიელი დიპლომატი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ხვდება.