ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაციის შემდეგ აშშ-მ მომავალი სამიზნე განსაზღვრა. "როიტერის" ინფორმაციით, იგი "თალიბანის" ტერორისტული მოძრაობის ლიდერი მულა ომარი იქნება.
"მულა ომარის ადგილზე, რა თქმა უნდა, შევშფოთდებოდი",_აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა რიჩარდ მილსმა, რომელიც ერთი წლის მანძილზე ავღანეთის კოალიციის სპეცდანაყოფებს ხელმძღვანელობდა.
ამ ინფორმაციას ადასტურებს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრანტინიც. მანაც საერთაშორისო ტერორიზმთან მებრძოლი ქვეყნების მთავარ სამიზნედ "თალიბანის" მეთაური დაასახელა.
მულა ომარი, რომელიც მუჰამედ ომარისა და საიდ მუჰამედ აჰუნზადეს სახელითაა ცნობილი, "თალიბანის" მოძრაობის დამფუძნებლად ითვლება. ამასთან, იგი "ავღანეთის ისლამური ემირატის ემირად" ითვლებოდა, როცა ქვეყანაში 1996-დან 2000 წლამდე თალიბების რეჟიმი მოქმედებდა.
საკუთარი მმართველობის დროს იგი, პრაქტიკულად, არ ტოვებდა ყანდაღარს. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად იგი პაკისტანის მთებში იმალება.
შეგახსენებთ, უსამა ბინ ლადენი ბუნკერში თავში გასროლით მოკლეს, სადაც იგი ისლამაბადის ახლოს იმალებოდა. მოგვიანებით ბინ ლადენი არაბეთის ზღვაში დაკრძალეს. ამერიკის ხელისუფლებამ ბინ ლადენი მიწაზე არ დაკრძალა, რათა მის მიმდევრებს მომლოცველობა არ დაეწყოთ.