უკრაინის ყოფილმა შს მინისტრმა იური ლუცენკომ, რომელიც ამჟამად შიმშილობს იძულებით კვებაზე უარი თქვა და იგი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს იმ შემთხვევაშიც კი თუკი საგამოძიებო იზოლატორის თანამშრომლებს მის გამოსაკვებად ძალის გამოყენება დასჭირდეთ. ყოველივე ეს ლუცენკომ თავად ჩამოყალიბა წერლში, რომელიც უკრაინის გენპროკურორის ვიქტორ შპონკას სახელზე დაწერა.
უკრაინის ყოფილი შს მინისტრი 2010 წლის 27 დეკემბერს დააპატიმრეს, 2011 წლის აპრილში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ლუცენკო მეთვალყურეობის ქვეშ 26 მაისამდე დარჩენილიყო. ამ გადაწყვეტილებაზე პროტესტის ნიშნად 22 აპრილს უკრაინის ყოფილმა შს მინისტრმა შიმშილობა დაიწყო. მისი ნათესავებისა და დაცვის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, იმის შესახებ, რომ ლუცენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, გენპროკურატურა აცხადებს, რომ ექს-მინისრი, ყოველდღიურად კალორიულ საკვებს საკუთარი ნებით იღებს, მას ყოველდღე ექიმები სინჯავენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თავისი წერილი ლუცენკომ უკრაინის გენპროკურორისათვის გადასაცემად მეუღლეს გადასცა. წერილში ლუცენკო ასევე უარყოფს უკრაინის გენპროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი პროდუქტებს იღებს და მისი ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი ასევე აცხადებს, რომ ბოლო სამედიცინო შემოწმებისას, რომელიც მას მედიკოსებმა 1 მაისს ჩაუტარეს მათ დააფიქსირეს, რომ მას უკვე 14 კილოგრამი აქვს დაკარგული და სისხლში აცეტონის მომატებული შემცველობა აღენიშნება. მისივე თქმით, ამ შედეგის შემდეგ მას განუხადეს, რომ საკვებს ძალის გამოყენებით მისცემდნენ.
"მზად ვარ საკუთარი უფლებები სიცოცხლის ფასას დავიცვა. თავისუფლება და კანონიერება ამად ღირს. ბატონო გენერალურო პროკურორო, გაცნობებთ, რომ უარს ვაცხადებ იძულებით კვებაზე და მზად ვარ ძალის გამოყენებისათვის", _ ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ იური ლუცენკოს ბრალი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ედება. კერძოდ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლის საქმეში უკანონო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარება.