პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეებს კომპენსაციების მიღებაზე სასამართლოსთვის მიმართვა უკვე შეუძლიათ. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტმა "ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში" ცვლილებები დღეს დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მიღებული ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეებს კომპენსაციების მისაღებად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1-ელ იანვრამდე შეუძლიათ მიმართონ.
სარჩელს ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ უნდა დაერთოს პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი; პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის წარდგენისას მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი არსებობს რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრე და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება ამ მემკვიდრეების მიერ ერთი ან რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ.
პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში, მათზე გაიცემა ერთიანი ფულადი კომპენსაცია.
მოსამართლე ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ სარჩელის შეტანიდან 5 დღის ვადაში იხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს.
თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და მოსარჩელეს მის შესავსებად მისცემს გონივრულ ვადას. თუ მოსარჩელე ამ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გამოიტანს განჩინებას ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად დაუბრუნებს მოსარჩელეს.
ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება.
სამართალწარმოებისას მოპასუხეს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.