შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში, ყვარლის რაიონში პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნა. როგორც შს სამინისტრო იუწყება, აღნიშნულ შენობაში 35 პოლიციის თანამშრომელი დასაქმდა. აღნიშნული პოლიციის სამმართველო მოემსახურება ყვარლის რაიონის ყველა სოფლის მოსახლეობას.
"მსგავსად სხვა განყოფილებებისა აღნიშნული შენობები გამჭირვალეა არამარტო ფასადით, არამედ თავისი საქმიანობითაც. სხვა კოლეგების მსგავსად ხსენებული რეგიონის თანამშრომლები თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ახალ შენობებში", - იუწყება სამინისტრო.
შენობების გახსნას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ვანო მერაბიშვილი, პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში ბატონი გიორგი ღვინიაშვილი,ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი რაიმუნდას პალაიტისი და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური დელეგაცია.
2010 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პოლიციის 62 ახალი შენობა გახსნა და აამოქმედა. დღეისათვის კახეთის რეგიონში პოლიციის შვიდი ახალი შენობა მოქმედებს.