ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის შვილიშვილი "მრავალრიცხოვანი გაცდენების გამო" სკოლიდან გარიცხეს.
როგორც ეგვიპტური პრესა იუწყება, სკოლის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ომარ ალა ჰოსნი მუბარაქის მშობლებს ორი წერილი გაუგზავნეს, მაგრამ მათგან პასუხი ვერ მიიღეს.
კერძოდ, წერილში ნათქვამი იყო, რომ ომარის მიერ სკოლის გაცდენის პერიოდმა დაშვებულ ლიმიტს გადააჭარბა.
ომარმა სკოლაში სიარული 25 იანვრიდან შეწყვიტა. ეს ის დღეა, როცა ეგვიპტეში მასობრივი არეულობა დაიწყო.
სკოლის გადაწყვეტილების მიუხედავად, ომარ ალა ჰოსნი მუბარაქის დედა ცდილობს, სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციისგან ნებართვა მიიღოს, რათა ბავშვს გამოცდებზე გასვლის ნება დართონ.
ომარის დედა აცხადებს, რომ ბავშვს ახლა რთული პერიოდი უდგას, რადგან მისი ბაბუა და ბიძა ციხეში არიან გამომწყვდეულნი და სასამართლოს განაჩენს ელოდებიან.