პარლამენტი დღეს აუდიტორულ კომპანიებთან დაკავშირებით, "საგადასახადო კოდექსში" შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა, სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, ახალი ინიციატივის მიზანია, რომ საგადასახადო სამსახური მეწარმეებისთვის პარტნიორი იყოს და აქცენტები სამართალდარღვევათა პრევენციაზე გააკეთდეს.
"შეიძლება ეს დარღვევა გამოწვეული იყოს უცოდინრობით, კადრების არარსებობით, ბუღალტრის მიერ დაშვებული შეცდომით და ა.შ. "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების განხორციელების შემდეგ კი პრევენციული კონტროლის თვალსაზრისით მეწარმეს ექნება საშუალება დაიქირავოს კერძო აუდიტორი, აუდიტორიული კომპანია, ასევე საკონსულტაციო ფირმები, რომლებიც ჩაატარებენ წინასწარ შემოწმებას", - განმარტა ხუროშვილმა.
მისი თქმით, თუ აუდიტორი, საკონსულტაციო ფირმა დადებს დასკვნას და აღმოაჩენს დარღევას მეწარმეს საშუალება მიეცემა თავის ნებით გამოასწოროს ეს დარღვევა.
"ასეთ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური აღარ აჯარიმებს მეწარმეს და ის მხოლოდ კანონოთ გათვალისწინებული გადასახადს იხდის", - აღნიშნა ხუროშვილმა და დასძინა, რომ თუ როგორი იქნება აუდიტორების შერჩევის კრიტერიუმები აღნიშნული ქვენორმატიული აქტით გაიწერება.
კანონპროექტის თანახმად, საგადასახადო ადმინისტრირება კერძო სამართლის იურიდიული პირების საშუალებით განხორციელება, რაც ამ უკანასკნელსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება.