პარლამენტის მხრიდან მნიშვნელოვანია ყველა იმ კანონის მიღება, რომელიც დაიცავს ქალთა უფლებებს.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში მულტი-სექტორული შეხვედრის "თანამშრომლობა გენდერული ძალადობის დაძლევისათვის საქართველოში" დაწყების წინ განუცხადა.
"ოჯახური ძალადობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული და აქტუალური თემა საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ცნობილია როგორც დემოკრატიული თანამეგობრობა. ამიტომ საქართველო, რომელიც ესწრაფვის იყოს ევროკავშირისა და დემოკრატიული თანამეგობრობის ნაწილი, ბუნებრივია ადეკვატურ ყურადღებას აქცევს ამ საკითხს", - დასძინა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული თემა ჯერ კიდევ ხშირად ტაბუირებულია, კიდევ ხშირად ხდება ბევრი ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა ისინი ერიდება ამ საკითხზე საჯაროდ საუბარს.
"სწორედ ამიტომ ჩვენი ამოცანაა ერთის მხრივ შედგეს ამ თემაზე საჯარო დისკუსია, და მეორეს მხრივ კი მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ყველა ის კანონი, მექანიზმი რომელიც სრულად დაიცავს ქალთა უფლებებს, დაიცავს ქალებს ძალადობისგან და უზრუნველყოფს საქართველოში გენდერული ძალადობის დონე იქნება მინიმალური. ისეთი როგორიც შეეფერება საქართველოს ტრადიციებსა და ისტორიას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, ბაქრაძის შეფასებით, პარლამენტშია ამ თემაზე მსჯელობა მხოლოდ საქართველოს არ ეხება და ეს თემა მთელ რეგიონში არსებული მდგომარეობას ეხება.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, ოჯახში ძალადობის საუწყებათაშორისო საბჭოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით მულტი-სექტორული შეხვედრა "თანამშრომლობა გენდერული ძალადობის დაძლევისათვის საქართველოში" მიმდინარეობს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, შრომის, ჯანმრთლებისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძე და სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ესწრებიან.