დღეს, 5 მაისს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარ სკოლის პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის სტუდენტებმა იუსტიციის სამინისტროში სადიპლომო ნამუშევრის პრეზენტაცია გამართეს. თემა იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტი - „იუსტიციის სახლი" იყო.
პიარსკოლელებმა მოამზადეს საქართველოს „იუსტიციის სახლის" პიარ და საკომუნიკაციო მხარდაჭერის საკუთარ ხედვა და საუკეთესო პროექტი სამინისტროს წარმომადგენლებს წარუდგინეს.
სტუდენტებს უნდა დაეწერათ პიარ კამპანიის გეგმა, რომელიც შეეხება ბათუმში 2011 წლის მაისში იუსტიციის სახლის პირველი შენობის გახსნის ცერემონიალის ორგანიზებას, პრე და პოსტ საინფორმაციო მასალების გავრცელებას, იუსტიციის სახლისა და მისი სერვისების პოზიციონირების უზრუნველყოფას და სხვა.
პროექტის მომზადებაში 10 სტუდენტი იყო ჩართული, რომლებიც პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში თემაზე 3 თვე მუშაობდნენ. მათგან საუკეთესოები დღეს იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. მან გამარჯვებული პროექტის ავტორებს წარმატება მიულოცა და თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა ყველა სტუდენტს, რომელიც სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა.
„იუსტიციის სახლის პიარ და საკომუნიკაციო კამპანიის მიზანი ბათუმში 2011 წლის მაისში დაგეგმილი პირველი იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიალის ორგანიზებაა, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, ამიტომაც მას თითოეულ თქვენთაგანთან ერთად ვახორციელებთ. ეს, გარკვეული თვალსაზრისით, მომავლის სახლია, რადგან სერვისების სრულიად ახალ კონცეფციას ითვალიწინებს, ამიტომ სიმბოლურია, რომ მისი პიარ და საკომუნიკაციო კამპანიის პრეზენტაციას აქ, იუსტიციის სამინისტროში სტუდენტები წარმოადგენენ".
იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც სხვადასხვა სტრუქტურის სერვისების კომბინაცია ხორციელდება ერთ წერტილში ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით.