პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთში მცხოვრები ე.წ. რუსეთის მოქალაქეების რუსეთის სოციალურ სისტემაზე მიბმის გასაჩივრებას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს, დავითაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სპეციალური განცხადება გააკეთა.
მისივე თქმით, დღემდე აფხაზეთის მაცხოვრებელი, რომელსაც დანაშაულებრივი გზით აქვს მიღებული ე.წ. რუსეთის მოქალაქეობა ე.წ. რუსულ პენსიას მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებდა თუკი ადლერის ოლქში იყო დარეგისტრირებული. ახლა კი რეგისტრაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე ხდება, მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით.
"საქართველოს მოქალაქეების სახლებში მცხოვრები ე.წ. რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც მიითვისეს ეს სახლები ახლა ღებულობენ პენსიას უკვე ფაქტობრივ მისამართზე. ეს კი ნიშნავს, რომ აქ საუბარი აღარ არის აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე და ეს არის მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ხდება აფხაზური სოციალური სისტემის მიბმა რუსეთის ფედერაციაზე და როგორ ხდება სრული ანექსია", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
ამასთან, დავითაიამ დღესვე პარლამენტს მიმართა და მოითხოვა, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეწოდოთ და ამ ნაწილის მიბმა მოხდეს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილ სარჩელზეც.