საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი სტუ-ში მოსწავლე ეთნიკურად არაქართველ 200-მდე სტუდენტს შეხვდა. შეხვედრას ესწებოდნენ სტუ-ის რექტორატის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასწავლო პროცესში ეთნიკურად არაქართველი ახალგაზრდობის სირთულეებსა და სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიური ინტეგრაციის საკითხებს.
სტუდენტებთან შეხვედრაზე გიორგი ავალიანმა ახალგაზრდებს სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი ინიციატივები და მიმდინარე პროგრამები გააცნო.
ავალიანის განცხადებით, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია საზოგადოებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. პროექტ "პატრიოტშიც", საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, მონაწილეთა ნახევარი სწორედ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი უნდა იყოს.