თბილისის უწყვეტი გაზმომარაგებისთვის ათასწლეულის ფონდი და ნავთობისა და გაზის კორპორაცია ერთობლივად კიდევ ერთ პროექტს განახორციელებენ. ათასწლეულის ფონდი ნავთლუღი-საგურამოს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტში ჩაერთო, რაშიც 6 მლნ. დოლარის ინვესტიციას დებს.
ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბდუშელიშვილმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჯანჯღავა, დღეს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც კორპორაციისთვის 12 კილომეტრი მილის გადაცემას ითვალისწინებს.
მშენებლობისათვის საჭირო მილები (12 კილომეტრი) კორპორაციისთვის ათასწლეულის ფონდმა შეიძინა. სულ 6 მლნ. 12 ათას 757 აშშ დოლარის ღირებულების მილებისა და მოწყობილობების შესყიდვა საერთაშორისო ტენდერის გზით განხორციელდა.
ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბუშელიშვილის განცხადებით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ათასწლეულის ფონდი უკვე მეხუთე წელია თანამშრომლობენ და ერთობლივად რამდენიმე პროექტი უკვე განახორციელეს.
"ეს არის ბოლო პროექტი, რომელშიც ათასწლეულის ფონდის მიერ თანხა ჩაიდო და მოხდა მილების შეძენა, რაც, თავის მხრივ, ნავთლუღი-საგურამოს გაზსადენის მშენებლობას მოხმარდება. ჩვენსა და კორპორაციას შორის საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობა შედგა. 12 კილომეტრი სიგრძის მილებისა და სხვა მოწყობილობების შეძენა ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის (საერთო ბიუჯეტი 50 მილიონი აშშ დოლარი) ფარგლებში განხორციელდა. კორპორაცია შეძენილ მილებს ნავთლუღი-საგურამოს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობაში გამოიყენებს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცვიისთვის,"- განაცხადა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბდუშელიშვილმა.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის ზურაბ ჯანჯღავას თქმით კი, კორპორაციამ ათასწლეულის ფონდთან ერთად 23 პროექტი უკვე განახორციელა და ახლა ერთობლივი 24 პროექტის განხორციელება იწყება.
"ათასწლეულის ფონდთან მნიშვნელოვანი და წარმატებული პარტნიორობა გვაკავშირებს. კორპორაცია აშენებს მაგისტრალური გაზსადენის ნავთლუღი-საგურამოს მონაკვეთს, რომელიც ითვალისწინებს მაღალი წნევის გაზსადენის ქალაქგარეთ გადატანას, რადგან დედაქალაქის ურბანული განვითარების შემდეგ, მაგისტრალი დასახლებულ უბნებშია მოქცეული. აღნიშნულ პროექტში ფონდის მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მივესლამებით. სერიოზული პროგრამაა, რადგანაც ეს მილსადენი არის უკვე ამორტიზირებული და მოხდება მისი გადატანა. ამ პროექტს მეორე დატვირთვაც ექნება. მოსახლეობას, რომელსაც ამ მილსადენის გასწვრივ ნაკვეთები აქვს და არ შეუძლიათ მისი სრულად გამოყენება, მილსადენების გადატანის შემდეგ ნაკვეთის გამოყენებასაც შეძლებს. პროექტის განხორციელებით კი უზრუნველყოფილი იქნება თბილისის მუდმივი გაზმომარაგება"- განაცხადა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჯანჯღავამ.
ათასწლეულის ფონდის ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის (საერთო ბიუჯეტი 50 მილიონი აშშ დოლარი) ფარგლებში 2006-2010 წლებში, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან ერთად, წარმატებით განხორციელდა ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის სამი ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები, რაც მოიცავდა 22 მნიშვნელოვნად დაზიანებული უბნის რეაბილიტაცია-მშენებლობას. გარდა ამისა, მომზადდა მიწისქვეშა გაზსაცავის სრულმასშტაბიანი წინა-სამშენებლო კვლევა და სამშენებლო პროექტი. პროექტის განმახორციელებელი კომპანია იყო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ხოლო სამშენებლო სამუშაოები განახორციელეს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა და ქართულმა კომპანიებმა.