იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ მთავრობის მეთაურის პოსტზე საკუთარ მემკვიდრედ ეკონომიკის მინისტრი ჯილიო ტრემონტი შეარჩია. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
ამასთან, ბერლუსკონიმ 2013 წლის არჩევნებში საკუთარი მონაწილეობა არ გამორიცხა. თუმცა არც ის გამორიცხა, რომ, სხვა ძლიერი კანდიდატების გამოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, ბრძოლას გამოეთიშოს. ერთ-ერთ ძირითად კანდიდატად კი იგი სწორედ ტრემონტის მიიჩნევს.
საინტერესოა, რომ უფრო ადრე ბერლუსკონიმ თავის სავარაუდო შემცვლელად არა ტრემონტი, არამედ იუსტიციის მინისტრი ანჯელინო ალფანო დაასახელა. თუმცა მოგვაინებით რატომ შეიცვალა აზრი, უცნობია. ამასთან, ბერლუსკონიმ აღნიშნა, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრის შესახებ აზრს აღარ შეიცვლის.
რაც შეეხება პარტია "თავისუფლების ხალხს", ბერლუსკონი მის ხელმძღვანელობაზე უარის თქმას არ აპირებს. ბერლუსკონიმ ისიც აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ საკუთარ პარტიაში უფრო აქტიურ მუშაობას განაგრძობს.
იტალიის ეკონომიკის მინისტრი ჯილიო ტრემონტი, რომელსაც 2008 წელს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გამო ემადლიერებოდნენ, აპრილის ბოლოს იმ მედიასაშუალებების კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა, რომელსაც ბერლუსკონის ნათესავები აკონტროლებდნენ. მოგვიანებით, იტალიის პრემიერი იძულებული გახდა, ტრემონტის მხარდაჭერის მიზნით სპეციალური მიმართვით გამოსულიყო.
შეგახსენებთ, სილვიო ბერლუსკონი იტალიის მთავრობას 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. უფრო ადრე, 1994-95 წლებსა და 2001-დან 2006 წლამდე მას პრემიერის პოსტი ეჭირა.