პარიზის პოლიციამ ტუნისიდან დევნილი 130 პირი დააკავა. ამის შესახებ ბი-ბი-სი იტყობინება. არალეგალები მიტოვებულ შენობაში იმყოფებოდნენ. მათი აყვანა იმ დროს განხორციელდა, როცა გაერთიანებული ევროპის შიდა საზღვრებზე, შენგენის შეთანხმების საფუძველზე, საპასპორტო-სავიზო კონტროლი დროებით აღდგა.
ცნობისთვის, უკვე აპრილში ცნობილი გახდა, რომ ფრანგულმა მხარემ რამდენიმე საათით მატარებლების მოძრაობა შეაჩერა, რომელიც იტალიის სასაზღვრო ქალაქ ვენტიმილიდან საფრანგეთისკენ მიემართებოდა.
ამ მატარებლებში მრავალრიცხოვანი ტუნისელი დევნილები იმყოფებოდნენ. ეს ადამიანები იტალიაში არალეგალურად გადადიოდნენ და საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში ნათესავებთან ჩასვლას ცდილობდნენ. მანამდე კი იტალიის ხელისუფლებამ, რომელიც სამხრეთ აფრიკელი არალეგალების ნაკადის მოზღვავებას ვერ აუდიოდა, მათთვის დროებითი დოკუმენტები გასცა. ამ დოკუმენტების მოქმედების ვადა ექვს თვეში ამოიწურება.
ევროკომისიამ საფრანგეთის გადაწყვეტილებას იტალიდან მომავალი მატარებლების გაჩერების მიზნით მხარი დაუჭირა.