დღეს, 5 მაისს, საფრანგეთში ნაპოლეონ ბონაპარტის გარდაცვალებიდან 190 წლისთავს აღნიშნავენ. საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი 1821 წლის 5 მაისს წმინდა ელენეს კუნძულზე გარდაიცვალა.
ნაპოლეონის ფიგურას ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში. იგი იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, როგორც საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-კონსული 1799-1804 წ.წ. და შემდგომ როგორც "ფრანგთა იმპერატორი" 1804-1815 წ.წ., იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წ.წ. და რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814 წ.წ.
ნაპოლეონ ბონაპარტი 1769 წლის 15 აგვისტოს აიაჩოში, კუნძულ კორსიკაზე დაიბადა, სწავლობდა საფრანგეთში, როგორც არტილერიის ოფიცერი. პოპულარობა მოიხვეჭა საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც წარმატებით უხელმძღვანელა სადამსჯელო ოპერაციებს აჯანყებულთა წინააღმდეგ. 1799 წელს მიაღწია საფრანგეთის პირველ კუნსულობას, ხოლო 5 წლის შემდეგ გახდა საფრანგეთის პირველი იმპერატორი.
1812 წელს ნაპოლეონის რუსეთის კამპანია კრახით დასრულდა. 1813 წლის ოქტომბერში ლაიფციგთან ანტიფრანგულმა კოალიციამ ნაპოლეონის ჯარები დაამარცხა, რასაც მოჰყვა ნაპოლეონის პირველი გადადგომა 1814 წლის აპრილში. იგი გადასახლებულ იქნა ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულ ელბაზე. 1815 წლის მარტში დაბრუნდა საფრანგეთში და აღადგინა კონტროლი ხელისუფლებაზე, თუმცა ამჯერად ხელისუფლება მხოლოლ ას დღეს შეინარჩუნა. 1815 წლის 18 ივნისს ვატერლოოსთან საბოლოოდ დამარცხდა და გადასახლებულ იქნა ატლანტის ოკეანის შორეულ სამხრეთში, წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც 6 წლის შემდეგ, 1821 წლის 5 მაისს გარდაიცვალა.